საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია – პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მემარცხენეების ალიანსმა „ახალმა ფრონტმა“ მიიღო, რომელიც 577 ადგილიდან 182-ს დაიკავებს. მეორე ადგილზეა ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია – 163 ადგილით, ხოლო მესამეზე ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 მანდატი შეხვდა. აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67 პროცენტი შეადგინა. შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია ქვეყნის პრეზიდენტს, თუმცა, ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა უნდა აღიაროს დამარცხება.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებაზე“ არსებობდა მოლოდინი, რომ ის პირველ ადგილზე გავიდოდა 200-ზე მეტი მანდატით, თუმცა, საბოლოო შედეგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლე პენის გაერთიანებამ მესამე ადგილი დაიკავა, რაზეც მან აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.