საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას

სამი საათი გაგრძელდა კიევში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე დიალოგის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. თურქეთის პრეზიდენტმა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ზელენსკის, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოლაპარაკებების გასამართად ანკარა შესთავაზა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ასევე, ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას.