კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაცვის მხარე გარკვეული მტკიცებულებების საქმეში დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. საბა სხვიტარიძე ბრალს აბსურდულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია. მისივე განცხადებით, დაკავებისას მასზე ძალადობა განხორციელდა. დღევანდელ პროცესს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა.