საავიაციო სოფელი კაჭრეთში

21:07, 05.09.2026

საქართველოს ტურიზმისა და საავიაციო სექტორში ახალი ეტაპი იწყება. „ამბასადორ კაჭრეთში“ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის — „საავიაციო სოფლის“ პრეზენტაცია გაიმართა. 16 ჰექტარ ფართობზე განთავსებული კომპლექსი აერთიანებს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს, თვითმფრინავების ანგარებს, საფრენოსნო სკოლას, ავია-ვილების სარეზიდენციო ზონასა და საავიაციო კლუბს.

პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ახალი, პრემიუმ-კლასის ტურისტული მიმართულების დამკვიდრება, მაღალშემოსავლიანი მოგზაურების მოზიდვა და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებაა.

ღონისძიებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა — პრეზენტაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30-ზე მეტი საჰაერო ეკიპაჟი დაესწრო.

„დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში. 

კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ, ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.  

გახსნის ცერემონიაზე  ქვეყნის საავიაციო გარემოსა და პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში, მფრინავმა პიტერ სოდერმანსმა:

„ჩვენ გვინდოდა გაგვეხსნა კიდევ ერთი კარი საქართველოსთვის და გვეჩვენებინა პილოტებისთვის მთელი ევროპიდან, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა შეიძლება. აქ გულითადად გვიღებენ კარს და ღირს ამ ქვეყნის კარგად დათვალიერება. ამას გავუზიარებთ მეგობრებს ევროპაში. ავიაცია მიჩნეულია ისეთ სფეროდ, სადაც ბევრი რეგულაციაა, სადაც ძნელია რაღაცის გაკეთება, მაგრამ საქართველოში მოხდა პირიქით. საქართველომ სხვა მიდგომა აჩვენა. საქართველოსთვის ავიაცია არის შესაძლებლობა – შესაძლებლობა ტურიზმისთვის, შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, შესაძლებლობა ასევე რეგიონული განვითარებისთვის, შესაძლებლობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს.

„ამბასადორის საავიაციო სოფელში“ რაც შეიქმნა, ეს არის მარტივი გზავნილი საერთაშორისო ავიაციის საზოგადოებისთვის, რომ საქართველო კარს უღებს ავიაციას, საქართველო მიესალმება პილოტებს და ის ღიაა მსოფლიოსთვის. საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს. აქ შეიძლება ქვეყნების დაკავშირება, კულტურების დაკავშირება და ადამიანების დაკავშირება.“ 

„ამბასადორ კაჭრეთის“ საავიაციო სოფელი საქართველოს რეგიონული ავიატურიზმის ცენტრად ქცევის რეალური პერსპექტივაა. კერძო ინვესტიცია, სახელმწიფო მხარდაჭერა და საერთაშორისო აღიარება, ქვეყანას ევროპის საავიაციო რუკაზე მიზიდულობის წერტილად აქცევს.

„პროფესიონალური თვალსაზრისით ვუყურებ ამ ყველაფერს, მომწონს, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიქნებოდი მეც აქ, ვიცხოვრებდი,“ — აღნიშნა „ჯორჯიან ეარვეისის“ საფრენოსნო დირექტორმა, ვალერიან ჩხენკელმა გახსნის ღონისძიებაზე.

საავიაციო სოფელი მულტიპროფილური პროექტია — ავია–ვილების, სარეზიდენციო კომპლექსისა და საავიაციო კლუბის გვერდით, აეროდრომის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების საფრენოსნო სკოლა, სადაც მსურველებს საჰაერო ხომალდის მართვის შესწავლა შეეძლებათ. თეორიული და პრაქტიკული კურსების გავლის შემთხვევაში კი, მიიღებენ როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზიას.

ამასთან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

მსგავსი