საარჩევნო რეფორმა და არასამთავრობოების რეკომენდაციები

თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე საარჩევნო რეფორმა მაინც სადავოა. შარლ მიშელის შეთანხმებიდან ორ თვეში მიღებული ახალი კოდექსის მიმართ, პოლიტიკოსების გარდა შენიშვნები მესამე სექტორსაც აქვს. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ დასკვნაში რეფორმას პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ დოკუმენტად აფასებს. ერთობლივი შეფასების ავტორები „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ არიან, რომლებიც კანონმდებლობაში შეტანილ რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებაზეც მიუთითებენ, თუმცა უფრო ვრცელია უარყოფითი მხარეების ჩამონათვალი. პრეტენზიები საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესს, ასევე აგიტაციის შესახებ რეგულაციებს უკავშირდება. საერთო პოლიტიკური კონსენსუსით მიღებულ საარჩევნო რეფორმას თავის დროზე მხარი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დაუჭირა.