საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. მამუკა ხაზარაძეს რვა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე აკრძალული აქვს ორი წლით თანამდებობის დაკავება. სიორიძის განცხადებით მამუკა ხაზარაძეს არ ჩაუდენია დანაშაული, რადგან მისი თქმით, აღნიშნული საგამოძიებო კომისია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, კანონდარღვევით შექმნეს. მისივე განცხადებით, საქმე უზენაეს სასამართლოში წავა, საბოლოოდ კი სიმართლეს სტრასბურგის სასამართლო დაადგენს.