სააპელაციო სასამართლომ ლაშა კვირკვაია უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ვაკე-საბურთალოს პოლიციის #6 განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. უცვლელი დარჩა მის მიმართ გამოყენებული სასჯელი 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა.

სააპელაციო სასამართლოში სარჩელი პროკურატურამ შეიტანა. სახელმწიფო ბრალდება საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე დავობდა, რომლის მიხედვითაც, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წარდგენილი ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, მოსამართლემ შედარებით მსუბუქი მუხლით გადააკვალიფიცირა და სასჯელის ზომად ჯარიმა განსაზღვრა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარეც და პროკურატურის მსგავსად, დავის გაგრძელებას ბოლო ინსტანციაში გეგმავს.

ლაშა კვირკვაიას სახელმწიფო ბრალდება ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემას გულისხმობს.