საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში რჩება – გიორგი ბაჩიაშვილი ბიტკოინების მითვისებასა და თანხის უკანონო ლეგალიზაციაში სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მისთვის შეფარდებული 11 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაკავებული. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, უფლებადამცველები კი დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ბაჩიაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. საუბარია ცხრა ათასამდე ბიტკოინის უკანონო მითვისებაზე, რომლის ღირებულებაც ამ დროისთვის მილიარდ დოლარამდეა. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, საქმეში ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.