საახალწლო სამზადისი თბილისში – მერიის განცხადება
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პირველი დეკემბრის ღამის პირველი საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით. 30 დეკემბრიდან 2026 წლის 1-ელი იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე. რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1-ელი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.