საახალწლო სამზადისი დედაქალაქსა და რეგიონებში

თბილისში, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფლებში სტუმრებისათვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები იმართება. ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები. ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა კი პატარების განწყობაზე ზრუნავენ. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე იმართება კონცერტები. საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქის მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისათვის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება რუსთავშიც. უკვე აინთო საახალწლო ნაძვის ხე. განათდა საახალწლო ილუმინაციებით მორთული ქალაქის ქუჩებიც. მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართა კონცერტიც. საშობაო სოფელში სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით ელოდებიან. შობამდე გაგრძელდება საახალწლო ბაზრობაც, სადაც ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების სხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. 31 დეკემბერს, კი რუსთაველებს გალა კონცერტი ელოდებათ.

საახალწლო სამზადისი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც. საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე მცხეთაში. ასევე, ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. ღონისძიების ფარგლებში, მცხეთის ცენტრში გაიმართა ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ კონცერტი. ადგილზე წარმოდგენილი იყო საახალწლო გასართობი შოუ პროგრამაც.