სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე – მთავარი აუდიტორი დაიკითხა.

ნოდარ ვეკუამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009 წლიდან 2013 წლამდე გაწეულ ხარჯებზე ისაუბრა. როგორც აუდიტორმა აღნიშნა, განკარგულებები საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევებით იყო გამოცემული.

აუდიტორის დასკვნაში ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში ტანსაცმლის შეძენის, ნიუ იორკში ჩატარებული კოსმეტიკური პროცედურების ხარჯები და შვილის სწავლაზე დახარჯული თანხის ანგარიში.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 7 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.

საქმეზე მორიგი სხდომა 18 აპრილს გაიმართება.