მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას იტყვიან მხარეები. პროცესზე მტკიცებულების გამოკვლევა არ მოხდება. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება გასულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.