სააკაშვილის გზავნილები და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 

პერმანენტული მოწოდებები ამჯერად საავადმყოფოს პალატიდან და ოპოზიცია საბრძოლო სტრატეგიის შემუშავების პროცესში, – მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ახალი დავალებით მიმართავს.

უწყვეტი პროტესტი, მასობრივი აქციები და კონსოლიდაცია ხელისუფლების შესაცვლელად და ამავე დროს, ცალკე საინიციატივო ჯგუფის მუშაობა ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად,- ასეთია სააკაშვილის მორიგი გზავნილი. თუმცა, პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების კომიტეტის იდეას ოპოზიციის ნაწილი დღესვე გაემიჯნა. შესაბამისად, უცნობია, ვინ ჩაუდგება ამ ჯგუფს სათავეში – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მასთან ერთად საზოგადოებრივი ჯგუფებიც. პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე მედიასთან არ ჩნდება. ფაქტია, რომ საბრძოლო გეგმის და ხედვის გარშემო ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობა არ არის. პარალელურად დღის წესრიგში ჩნდება ახალი მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილი ამჯერად მკურნალობის შეწყვეტით იმუქრება. მონიტორინგის შემდეგ დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი – დასკვნაში სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. მძიმე ფსიქოლოგიური გარემოს და შიმშილობით გამოწვეული სინდრომის გამო ჯგუფი შესაბამისი დიაგნოზის დასასმელად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას და ფსიქოთერაპიის კურსს ითხოვს.