სააკაშვილის განცხადებები სასამართლო პროცესზე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ.

მიხეილ სააკაშვილს მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე პასუხი აგოს, მიუხედავად იმისა, თავად რა შეფასებებს გააკეთებს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებაზე. ასეთია მმართველი გუნდის დეპუტატების შეფასებები. „ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილისგან აბსურდული შეფასებები მოისმინეს. მსგავსი პოზიცია აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ექსპრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს.

სააკშვილის საქმეზე სასამართლო პროცესებს აკვირდება ამერიკის საელჩოც. კელი დეგნანის განცხადებით, პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს. მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მხარდამჭერებს ჰქონდეთ საშუალება, მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში შეიკრიბონ.