სააკაშვილის აღიარება
მიხეილ სააკაშვილის რეზონანსული განცხადების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ განმარტებების გაკეთება უწევს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ექს-პრეზიდენტმა მოგვიანებით ისევ აღადგინა, საათების განმავლობაში წაშლილი იყო და აღარ იძებნებოდა. ის, რასაც „ვარდების რევოლუციაზე“ სააკაშვილი ამ პოსტში ჰყვება, ხელისუფლებისთვის რუსეთის დავალებებით მოქმედებების და მისი ინტერესების გატარების პირდაპირი აღიარებაა. ყოფილი პრეზიდენტი 2003 წლის ვარდების „რევოლუციის მოვლენებში“ რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის როლზე საუბრობს და რევოლუციური პროცესების ამერიკასთან კავშირების არარსებობის დასამტკიცებლად პირდაპირ წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა იგორ ივანოვმა აკურთხა. არანაკლებ სკანდალურია ის განცხადებები, რომლებიც, როგორც სააკაშვილი წერს, ივანოვმა მასთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურა ჟვანიასთან პირისპირ შეხვედრის დროს გააკეთა. ფეისბუქ-პოსტში ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის მაშინდელ ელჩთან სტუმრობას და მის მოწოდებებსაც იხსენებს იმის საჩვენებლად, რომ რევოლუცია აშშ-ის მხრიდან ორგანიზებული არ ყოფილა და რომ ამერიკა მაშინდელ პროცესებს ეწინააღმდეგებოდა. რიჩარდ მაილსთან შეხვედრაზე და რუსეთის მაღალჩინოსანის სტუმრობაზე სააკაშვილის მონაყოლი თითქმის სრულად ემთხვევა არქივში შენახულ მასალებსაც. პოსტი, რომელიც ჯერ გაქრა, მალევე კი არაერთი განმარტება მოჰყვა, მმართველი გუნდისთვის წინა ხელისუფლების რუსეთთან თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.