რუსული თვითმფრინავი სირიის სამხედრო ძალების მიერ ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს, თუმცა რუსეთის მხარე ისრაელს ადანაშაულებს
  • სირიაში გაუჩინარებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე 15 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. მოსკოვი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, რადგან რუსული მხარის მტკიცებით, ისრაელის გამანადგურებლები რუსულ ილ-20-ს ამოეფარნენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისრაელის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად, 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა სირიის ლატაკიის პროვინციაში განგებ შექმნეს საშიში სიტუაცია. რუსული მხარე ისრაელს მტრულ ქმედებებში ადანაშაულებს.
  • გერმანელი ექიმები მიიჩნევენ, რომ პეტრე ვერზილოვი შეიძლება მოწამლული ყოფილიყო. რუსული მედია აცხადებდს, რომ მოწამვლის დღეს აქტივისტს ცენტრალურ აფრიკაში სამი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ მონაცემები უნდა მიეღო.
  • ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებაში. კერძოდ, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელს დაავალა, კონგრესს გადასცენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის, მისი მოადგილის, ენდრიუ მაკკეიბის, ბიუროს ყოფილი აგენტების, პიტერ სტრჟოკისა და ლიზა პეიჯის, ასევე იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ბრიუს ორას ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებს.