რუსული ძალები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ

რუსული საოკუპაციო ძალები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშნკომ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის გადაბირება შეძლეს, რომელმაც რუსებს ქარხნის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბები აჩვენა, რის შემდეგაც, „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყო. საოკუპაციო ძალები იმედოვნებდნენ, რომ ტერიტორიის აღებას ერთ დღეში შეძლებდნენ, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევა გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება და მოსკოვის დროით დილის 8-დან 18 საათამდე იმოქმედებს. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მანამდე გაკეთებული ასეთი ტიპის წინადადება უგულებელყო, მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მოლაპარაკებების შედეგად ეწყობა, ცალმხრივად მათი გახსნა უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

„აზოვსტალიდან“ წინა ორი დღის განმავლობაში, გაერო-სა და „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ევაკუირებული 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ამ დროისთვის უკვე ზაპოროჟიეში იმყოფება. თუმცა, ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. მათთან უკრაინელმა სამხედროებმა კავშირის აღდგენა შეძლეს. მანამდე, მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თავშესაფარში მყოფებთან კავშირი დაკარგული იყო.