რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა

გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ხალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, 3-სართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს დღეიდან მიიღებს. ახალგაზრდობის სასახლის შენობის გარდა, განახლებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველი ცენტრის შინაარსობრივი მხარეც. საგანმანათლებლო ცენტრი საკლუბო პრინციპით იმუშავებს და რუსთაველ ბავშვებს აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო-რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისა და ლაბორატორიული დაკვირვების, ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებს სააბიტურიენტო პროგრამებიც. სასახლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა, ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინაზე, უკვე 500-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.