რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი

პარალიზებულია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო საწარმო.

რუსთავის „აზოტის“ ქარხანაში საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერდა. გამონაკლისი მხოლოდ ჟანგბადის საამქროა, რომელიც კლინიკების ნაწილს სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებს. გაფიცული თანამშრომლები პროტესტის მასშტაბების ზრდით იმუქრებიან. ადმინისტრაცია ჯერ დუმს და არც მედიისთვის აკეთებს კომენტარებს. ქარხანაში დასაქმებულები მენეჯმენტთან მოლაპარაკებების განახლებას დილიდან ელოდებოდნენ, თუმცა ხელმძღვანელობიდან მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ხელფასების 50%-ით ზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაცია ამ ეტაპზე უარს ამბობს. გაფიცულები მენეჯმენტს 2019 წლის დაპირებას ახსენებენ და ანაზღაურების მატების გარდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ.