რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა. ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა. პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ბესიკის ქუჩის კვეთამდე კი – გადაადგილება ცალმხრივი იქნება. გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით – შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა. თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს. თბილისის მერის განმარტებით, საგზაო მოძრაობის ახალი, დროებითი სქემის უკეთ გასაგებად, ვიდეორგოლი დამზადდა, რომელიც ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელებში. ის ასევე ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით.