რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს – სევეროდონეცკში და ლისიჩინსკში საოკუპაციო ძალების ავიაიერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესაზე. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ზარალის გამო, რუსებმა უკან დაიხიეს ავდეევკის მიმართულებით. ამავდროულად, ლიმანისა და ბახმუტისკენ ოკუპანტები შეტევას განაგრძობენ.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის მიმართულებით. საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავების მიზნით, უკრაინის არმიის სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული სარკინიგზო ხიდები ააფეთქეს. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს.
უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო თვითმფრინავი, სამი ტანკი და ექვსი ჯავშანმანქანა. დონბასში ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიის ნაწილებმა რუსეთის 17 შეტევა მოიგერიეს.