დონეცკის ოლქში რუსული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ავიაციამ დაბომბა ავდეევკის დასახლება. საარტილერიო დაბომბვების შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის 68-დღიან საბრძოლო მოქმედებებს 220 ბავშვი ემსხვერპლა. ეს მონაცემები სრული არ არის, რადგან უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია ოკუპირებულ დასახლებებში არსებულ სიტუაციაზე. გასული დღის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო დარტყმას ოდესაზე კიდევ ერთი ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14 წლის მოზარდი, ერთი არასრულწლოვანი კი დაშავებულია. დანგრეულია საერთო საცხოვრებელი. ამის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქში და მტრისგან გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლება. ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შენობების 90% დანგრეულია. ამერიკის სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული დანაყოფები ხარკოვიდან დაახლოებით 40 კილომეტრით უკან დახიეს. რუსებს მინიმალური პროგრესი აქვთ იზიუმთან და პოპასნაიასთან. პენტაგონის მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინულ დასახლებებზე 2 215 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.