უკრაინაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი – დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის არმია დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით დაესხა თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემით და უპილოტო აპარატებით შეუტიეს ქალაქ ზაპოროჟიესა და მის რეგიონსაც. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და მრავალსართულიანი შენობის ფასადი, გაჩნდა ხანძარი. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინა მოსკოვს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში, 16 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. გარდა ამისა, მოსკოვის ყველა აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. აფეთქებების ხმა ღამით ტულაშიც გაისმა.