რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 349-ე დღე

349-ე დღეა, რაც უკრაინაში რუსეთის ძალების იერიში გრძელდება. უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა ექვსი სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 75-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ძირითადად ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. არის მსხვერპლი მოსახლეობაში. რუსეთის საოკუპაციო ჯარები ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებენ და შეტევას ახორციელებენ ხუთი მიმართულებით. მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ ბახმუტში ოკუპანტების მცდელობებს, ალყაში მოაქციონ ქალაქი. პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რაიონებზე 17 დარტყმა განახორციელეს.