რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი მორიგი იერიშის შედეგად რაკეტების ნამსხვრევები ობოლონისა და დნეპრის რაიონებში ჩამოვარდა. კონკრეტულად კი საბავშვო საავადმყოფოს ტერიტორიაზე. შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ასევე  საცხოვრებელი სახლის სახურავი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქებზე. შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი და 46 დაიჭრა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. მათ შორის ზაპოროჟიეში თავდასხმის სამიზნე გახდა სასტუმრო, რომელსაც კიევის ცნობით, ისკანდერის ტიპის რაკეტა მოხვდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 9 დაშავდა. მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს გაერო-ში, სწორედ მათი თანამშრომლები ჩერდებოდნენ აღნიშნულ სასტუმროში.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ დარტყმები მიიტანეს რუსეთის ძალების კონცენტრაციის 12 რაიონზე. უკრაინელების სამიზნე იყო რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობა, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. ბოლო 24 საათში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 34 შეტაკება მოხდა.