11 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს გოსტომელში ერთ-ერთ სარდაფში ადგილობრივებმა. მარიუპოლში კი ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ქალაქის მერის განცხადებით, ერთთვიანი ბლოკადის შედეგად, 5 000-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის 210 მცირეწლოვანი. ნიკოლაევის მერი კი ავრცელებს ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა რკინიგზის სადგური დაბომბეს. რუსული ძალები განაგრძობენ ხარკოვის ბლოკირებას, ხსნიან საარტილერიო ცეცხლს. გრძელდება დაბომბვები დონეცკის მიმართულებითაც. საოკუპაციო ძალებმა იერიში განაახლეს რუბეჟნოეს და ნიჟნის მიმართულებით. მოწინააღმდეგე ძირითადად შეტევით ოპერაციას ახორციელებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. არის მარიუპოლის აღების მცდელობა. ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსული ძალები იზიუმიდან კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით მიიწევენ წინ. იყენებენ ავიაციასა და ახორციელებენ სარაკეტო თავდასხმებს. ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიევის და პოლტავის ოლქებში. ადგილობრივები ხერსონსა და ზაპოროჟიეში აფეთქებების შესახებ იუწყებიან. პარალელურად წითელი ჯვრის კომიტეტმა მარიუპოლიდან ჰუმანიტარული ევაკუაცია განახორციელა. ქალაქიდან 1 200-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, ბერდიანსკი დატოვა 3 600-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ.