რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გვიან ღამით რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქი. საოკუპაციო ძალებმა გრადის სისტემები გამოიყენეს. დაღუპულია ერთი ქალი, დაშავებულია სამი პირი. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის ძალები განაგრძობენ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით შეტევას, დონეცკის ოლქის დასაკავებლად. გენშტაბის ცნობითვე, ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ოკუპანტები თავდაცვით რეჟიმში იმყოფებიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თავდასხმები მოიგერიეს და ოკუპანტების ძალების კონცენტრაციის 11 რაიონზე განახორციელეს დარტყმები. ღამით უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს სამი რუსული ვერტმფრენი.