რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იტყობინება. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის რამდენიმე დასახლებიდან საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად. პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ რუსეთის არმიამ გუშინ ღამით კვლავ მიიტანა დარტყმა ზაპოროჟიეზე. შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა. რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ასევე ხარკოვის ოლქს, სადაც მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ. რუსული ძალები აგრძელებენ დარტყმებს ხერსონისა და დნეპროპეროვსკის ოლქზეც. დონბასში ფრონტის ხაზზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებებთან. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ქალაქ ბახმუტთან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან ფრონტზე დაღუპულია 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობდნენ. ამ ფონზე, ზელენსკიმ თქვა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიმართა რადას რეკომენდაციით, მიიღონ კანონი, რომლითაც მოსკოვთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს უკრაინაში საქმიანობა აეკრძალებათ.