რუსი ოკუპანტები კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას „კამიკაძე“ დრონებით დაესხნენ თავს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტებში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაშავებულის შესახებ. რუსებმა ასევე სარაკეტო იერიში განახორციელეს ნიკოლაევშინაზე.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ევპატორიაში სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ სამედიცინო აღჭურვილობა დაჭრილი რუსი სამხედროების სამკურნალოდ. ასევე, გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში ოკუპანტები დასახლებული პუნქტების დატოვებისას ინფრასტრუქტურას და კერძო სახლებს ნაღმავენ. გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა ცხრა სარაკეტო იერიში განახორციელეს და ექვსი საჰაერო დარტყმა. ასევე, 56-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.