რუსეთის საოკუპაციო ძალების საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი სამხედროები უტევენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებს, თუმცა ისინი დიდ ზარალს განიცდიან. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ სუმის რაიონის სასაზღვრო ზონაზეც მიიტანეს იერიში. შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა სამი კერძო სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი. გასული დღის განმავლობაში, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსეთმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.