ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი დაბომბეს. სავარაუდოდ, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 115-მდე გაიზარდა უკრაინაში დაღუპული ბავშვების რიცხვი. რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშს ხარკოვში 9 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაში არიან ის ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები, რომლებიც მარიუპოლში სკოლის შენობას აფარებდნენ თავს და ეს შენობა მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს. სკოლის შენობაში დაახლოებით 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ამჟამად 300 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ისინი საკვების, წყლისა და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტს განიცდიან. ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მარიუპოლში 2 ათას 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტები ამჟამად კონცენტრირებულები არიან პოზიციების გადაჯგუფებაზე და გაძლიერებაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი, რომელიც კიევის მიმართულებით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი რუსი სამხედრო მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს, მათ შორის არის ექვსი გენერალი. ამ დროის მონაცემებით, მოსახლეობის ევაკუაციისთვის გახსნილია 7 ჰუმანიტარული დერეფანი. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა. ოლექსი არესტოვიჩმა რუსეთის პოზიციები შეაფასა.