რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქართულ პროდუქციას სანქციები დაუწესა
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ზოგიერთი სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.
დოკუმენტის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოღებულ იქნა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, შეჩერებულია ქვეყანაში იმ პროდუქტების იმპორტი და მიმოქცევა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების დადგენილ მოთხოვნებს.
კერძოდ, აიკრძალა: ღვინო „თელიანი ველისგან“; „თბილღვინოსგან“; ღვინო და კონიაკი „ასკანელი ძმებისგან“; ღვინო „ვაინმენისგან“; ლუდი „ქართული ლუდის კომპანიისგან“; გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“ საქართველოდან; მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ „ჯანმრთელი წყლისგან“.