რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში

ახლა უკრაინაში ცხელი წერტილებია კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, სუმის ოლქი, ჟიტომირი, ჩერნიგოვი. ყველაზე მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა ხარკოვი, რომელიც „გრადებით“ დაბომბეს. რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს. დღეს შედარებით სიმშვიდეა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება დედაქალაქში, სადაც ღამის განმავლობაში თავდაცვითი ხაზის გარღვევის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია ნიკოლაევსკის აეროპორტიც. ახლა უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებიდან სამხედრო შეიარაღებას ელოდება. მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს ბირთვული ომით ემუქრება, მიღწეულია შეთანხმება, რომ ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალებს მიაწვდის.