რუსეთი: ხელისუფლებამ მოსკოვში კომუნისტური პარტიის აქციის მონაწილეები დააკავა (ვიდეო)

13:54, 05.10.2026

კვირას, 4 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიერ მოსკოვში, „კრასნოპრესნენსკაია ზასტავა“-ს მოედანზე გამართულ სანქცირებულ აქციაზე, მისი, 65-მდე მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლა 1993 წლის ოქტომბერში რუსეთის „თეთრი სახლის“ დაცხრილვის მორიგ წლისთავს მიეძღვნა.

აქციაში ორ ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შეკრებილთა მხრიდან ისმოდა ლოზუნგები: „ჩვენ გვინდა თავისუფლება!“, „ძირს „როსკომნადზორი“!“, „არა პოლიტიკურ რეპრესიებს!“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, „ძირს თაღლითებისა და ქურდების პარტია!“.

აქციის რეზოლუციის მიღებისას, საპროტესტო ღონისძიების მონაწილეებმა დაიწყეს ლოზუნგების სკანდირება სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან ჩამოშორებული კომუნისტური პარტიის კანდიდატის, ნიკოლაი ბონდარენკოსა და იჟევსკელი აქტივისტის, დმიტრი მოროზოვის მხარდასაჭერად. ეს უკანასკნელი წინა კვირას, არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზების მცდელობისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობებით, აქციის ჩატარების ადგილზე პოლიციის ექვსი მანქანა იყო მობილიზებული, რომლებითაც დაკავებული მომიტინგეები ეტაპობრივად გადაჰყავდათ.

ვიდეოში, რომელიც რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ გაავრცელა, ასახულია კვირას, მოსკოვში, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირება.

სტატიის ავტორი: [email protected] – ESN

ვიდეოს ავტორი: რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი, 2026 წელი, 16:59 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი