მთელი მსოფლიო თურქეთში ხვალინდელ შეხვედრას ელოდება. ამ დრომდე გაურკვეველია, ჩავა თუ არა სტამბოლში თავად რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა. ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან შესახვედრად მზადაა, თუმცა თურქეთში მისი არ ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან აუდიენციას გამორიცხავს. უპასუხოდ დარჩა ევროპელ ლიდერთა არაერთი მოწოდებაც ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ, რაც ხვალინდელი მოლაპარაკების მთავარ პირობად იყო დასახელებული. ამ ფონზე ევროკავშირი მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებასა და ზეწოლის გაძლიერებაზე აფრთხილებს. უკვე ცნობილია, რომ თურქეთში ჩავლენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები. სტამბოლში იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გაუძღვება. წინასწარი განცხადებების მიხედვით, მეტწილად სწორედ ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებები და დარჩება თუ არა პროცესში აშშ შუამავლად.