რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში და დაგეგმილი არჩევნები

მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიური ვითარების გამო, სახალხო დამცველი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გადადებას ემხრობა. ომბუდსმენი ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს დისკუსიის დაწყებას სთხოვს და პოლიტიკურ სპექტრს შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამძიმებულ ეპიდსურათს ახსენებს.

ნინო ლომჯარიას დღევანდელმა გამოსვლამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. პოზიციები გაიყო ოპოზიციაშიც. ნაწილი პრეზიდენტს არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი კი მითითებებს პანდემიის მართვაში ჩართული ეპიდემიოლოგებისგან ელოდება.

ცალსახა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს, რომელიც ომბუდსმენის განცხადების მიღმა ოპოზიციის ინტერესებს ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ  საკუთარი დაბალი შანსების გამო, არჩევნების გადადება ოპოზიციურ პარტიებს სურთ. ხელისუფლება თარიღის შეცვლას გამორიცხავს, თავის მხრივ, პანდემიის ფონზე მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის პირობას დებს ცესკო.