როგორია აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს, მათ შორის ორი სამართალდამცველი და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილია.

ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ორივე მათგანი რეგიონულ ჰოსპიტალში ინტენსიური დაკვირვების პალატაში მკურნალობს და მართვით სუნთქვაზეა. მედიკოსთა თქმით, ერთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოიხსნება, მეორეს მდგომარეობა არ გაუარესებულა.

რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის პაციენტი სინათლეს აღიქვამს, თუმცა წინასწარ ვერ ამბობენ, რამდენი პროცენტით აღუდგება მხედველობა.

რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილი თალაკვაძემ მოინახულა.