რელიგიის სააგენტოს განცხადება

ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას რელიგიის საკითხთა კომიტეტი ეხმაურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათთვის ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის მიუღებელია. განცხადებაში ვკითხულობთ: “სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად იქნება დარეგულირებული. მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა მრევლში არ გადავიდეს.“- ნათქვამია რელიგიის საკითხთა კომიტეტის განცხადებაში.

საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. „სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში დაპირისპირება 8 მარტს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია, რომ მუსლიმ მოქალაქეებს ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მეჩეთად გადაკეთება სურდათ.