რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული ტერიტორია #52-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, 2 500 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საპარკო ინფრასტრუქტურა, გარე განათება, სარწყავი ქსელი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ტერიტორიაზე დაიგო ბალახი და დაირგო 450-მდე ხე-მცენარე, მათ შორის ზეთისხილის ხე. რეაბილიტირებული სივრცე ე.წ. „პრაღის სკვერს“ დაუკავშირდა, სადაც ასევე განახლდა ინვენტარი, გამწვანება და საბავშვო ზონა. ორივე სივრცის გაერთიანებით კეთილმოეწყო 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. პროექტის ბიუჯეტმა 800 ათასი ლარი შეადგინა.