რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდა

პარლამენტმა 77 მომხრე ხმით, ორის წინააღმდეგ რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ახალი რეგლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება.

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იზრდება. იცვლება მისი საქმიანობის სპეციფიკა.

ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება, საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში პირადად წარუდგინოს. ასევე, მინისტრები ვალდებული იქნებიან, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოცხადდნენ და დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცენ.

ახალი ცვლილებებით, შემოდის ინტერპელაციის ინსტიტუტიც. რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი.

პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სასახლე რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.