რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

რაც შეეხება ღია კარის დღეებს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინრეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეეძლებათ.

დატოვე კომენტარი