რასმუსენის შეთავაზება - შეფასებები 

მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აქტუალობას არ კარგავს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის შეთავაზება.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში განმარტა და დააზუსტა, რას ნიშნავს მის მიერ შეთავაზებული მოდელი, ანუ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ისე, რომ ორგანიზაციის წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ოკუპირებულ რეგიონებზე დროებით არ გავრცელდეს.

”ეს აჩვენებს რუსეთს, რომ გაყინული კონფლიქტების შექმნა საქართველოს მომავალს სამუდამოდ ვერ გაყინავს”,-ასეთია ცნობილი დანიელი პოლიტიკოსის გზავნილი. მოსალოდნელია თუ არა ამ თემაზე საქართველოში დისკუსიის დაწყება,- პასუხი არაერთგვაროვანია.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი წინადადების მიღმა საფრთხეებს ხედავს, კეთდება უფრო რადიკალური შეფასებებიც.

მმართველი გუნდიდან დღეს განმარტეს, რომ ეს არა ნატო-ს ოფიციალური პოზიცია, არამედ ექსპერტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება იყო.