სალომე ზურაბიშვილი დღეს დაანონსებულ განცხადებას აღარ გააკეთებს. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით ის ახალი წლის შემდეგ გამოვა. სად იქნება სალომე ზურაბიშვილის ახალი სამუშაო სივრცე მას შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლე დატოვა, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტოვებს სასახლეს და თან მიაქვს ლეგიტიმურობა. ორბელიანების სასახლესთან მისი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, ხოლო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტეს. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა, ჯერ უცნობია, რა იქნება მათი ერთობლივი გეგმა.
ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებს, სანამ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩაინიშნავს. სალომე ზურაბიშვილი კი რჩება მათთვის ერთადერთ ლეგიტიმურ პერსონად. მმართველი გუნდის განმარტებით, ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გეგმები ქვეყანაში არეულობის შემოტანას ემსახურება.