რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი შეხვედრები გაიმართა

ტოკიოში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი შეხვედრები გაიმართა.

„ცე“ ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ინგლისის ეროვნული ნაკრები ტონგას შეხვდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. გამარჯვება მოიპოვა იტალიამაც, რომელმაც ნამიბია ანგარიშით 47-22 დაამარცხა და თავისი ჯგუფის ლიდერი გახდა.

დღის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდია და ირლანდია ხვდებოდნენ, ირლანდიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ირლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 27:3 დასრულდა.

ხვალ მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც გამართავს. მილტონ ჰეიგის გუნდის მოწინააღმდეგე უელსი იქნება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი თბილისის დროით 14:15 წუთზე დაიწყება.