რაგბის მსოფლიო თასი – შოტლანდიამ სამოა დაამარცხა

18:32, 30.09.2019

შოტლანდიამ სამოა დაამარცხა და პირველი ქულები მოიპოვა.

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სამოასა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩის საწყისი წუთები მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა და 30-ე წუთამდე შოტლანდიელები მხოლოდ ერთი ჯარიმით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში მათ ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, ერთი არეკნიც მიითვალეს და შესვენებაზე ანგარიშით 20-0 გავიდნენ.

შოტლანდიელები მეორე ტაიმშიც უკეთესად გამოიყურებოდნენ და მატჩიც მათ სასრგებლოდ, ანგარიშით 34-0 დასრულდა, სამოა კი პირველი გუნდი გახდა ამ ჩემპიონატზე, რომელმაც შეხვედრაში ვერცერთი ქულის აღება ვერ შეძლო.

ხვალ, 1 ოქტომბერს, მსოფლიო თასზე შესვენებაა, ზეგ კი ორი მატჩი გაიმართება: საფრანგეთი აშშ და ახალი ზელანდია კანადა.                

რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

მსგავსი