რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პანკისში

სოფელ ბირკიანში, სადაც გუშინ ქვებსა და რეზინის ტყვიებს ისროდნენ, დღეს სიმშვიდეა.

განვითარებულ მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ადგილობრივები უხუცესებთან ერთად სწორედ სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ. პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ სოფლის მიმდებარედ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებს.

პროექტის განხორციელების შესაძლო ნეგატიურ შედეგებთან ერთად, მათ არგუმენტად შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადებაც მოჰყავთ, რომ თუ მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა არ იქნება, ჰესი არ აშენდება.

ადგილობრივები გიორგი გახარიას კიდევ ერთ განცხადებას ეხმაურებიან. ამ შემთხვევაში საქმე დაპირისპირებაში ჩართული მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. პანკისელები ამბობენ, რომ ადგილობრივების დაკავების შემთხვევაში ხეობას აუცილებლად ექნება პასუხი.