გენერალური პროკურატურის მიერ ქოლცენტრების სქემაში კიდევ ერთი ეპიზოდის გამოძიება კვლავ პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი ხდება. ოპოზიციის ნაწილისთვის საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაა და აქცენტს ისევ ჰელსინკის კომისიის ძველ დასკვნაზე აკეთებს. ნაწილისთვის კი ეს საქმე ახალი არ არის და აღნიშნულში დავით კეზერაშვილისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობას ხედავს.
გიორგი გახარიას პარტიაში კი, სადაც რამდენიმე თვის წინ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიოდნენ, პროკურატურის საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს ვერ ხედავენ. „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, კითხვები არ აქვთ და აინტერესებთ, რატომ გადაადგილდება ასეთ მძიმე საქმეებში ბრალდებული დავით კეზერაშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად.