ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე მუშაობა გრძელდება.

მისი თქმით, აუცილებელია ცხედრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გადმოსვენება. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ამაში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეები. ციხელაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის ცხედარს გადმოასვენებენ, აუცილებელია, რომ მას ექსპერტიზა  ჩაუტარდეს და პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ის ინფორმაცია, რაც  მედიით ვრცელდება ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არასარწმუნოა და ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.