დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს. საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ტურნირში ჩართვისთვის ინტენსიური მომზადება გაიარეს. სპორტულ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული. ღონისძიება შოტლანდიის ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის ეგიდით გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.