ქართველი სამართალდამცველები UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამის დეკლარაციას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.

კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტიან კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან. ამასთან 10 ივნისს გერმანიის ქალაქ ნოისში ფუნქციონირებას იწყებს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრიც, რომელშიც ქართული მხარეც იქნება წარმოდგენილი. ქართული დელეგაცია გერმანიაში 14 ივლისამდე, ანუ ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება.